ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანები

 

ფსიქოლოგიაში კრეატულობა ხშირად შემოქმედებითი აზროვნების სინონიმად იხმარება. რას გულისხმობს შემოქმედებითი აზროვნება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას შეიძლება გაურკვევლობის განცდა დაგეუფლოთ და ძლიერმა აზრთა ურთიერთჭიდილმა შეგიპყროთ. ალბათ, იფიქრებთ,   ყოველი აზროვნების აქტი ხომ შემოქმედებითია? აზროვნების პროცესის შედეგად ხომ ობიექტებს შორის ახალი მიმართებები მყარდება და სუბიექტური გამოცდილება ცოდნას იძენს? რა თქმა უნდა, მოცემულ კითხვებში ფორმულირებული აზრი სრული ჭეშმარიტებაა. ნებისმიერი პრობლემური სიტუაციის გადაწყვეტა ადამიანის გამოცდილებას ახალი შინაარსით ამდიდრებს. მაშ, რაშია საქმე? რისი ხაზგასმა სურთ, როდესაც ფსიქოლოგიაში კრეატულობის, შემოქმედებითი აზროვნების ტერმინს გვთავაზობენ? ამ ცნებაში იგულისხმება აზროვნების პროცესის შედეგად მიღებული ისეთი პროდუქტი, რომელიც სრულიად ახალია არა მხოლოდ პიროვნების ინდივიდუალური გამოცდილებისათვის, არამედ საზოგადო ცოდნის დონისათვის. 


ტერმინი კრეატულობა მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან creatio, რაც ნიშნავს რაიმის შექმნას. კრეატულობა გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, შექმნას ახალი, ორიგინალური პროდუქტი თავისი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. ეს არის არაშაბლონური აზროვნება, რომლის წყალობითაც პიროვნებას შეუძლია თითქოს ჩვეულებრივსა და გასაგებ სამყაროს მოვლენებში რაღაც უჩვეულოს დანახვა. ფიქსირებული მიმართებების გარღვევისა და მათ მიღმა ჭვრეტის გარეშე არ იარსებებდა აინშტაინის, გალილეის, არქიმედესა და სხვა კრეატული პიროვნებების აღმოჩენები. მათ შეძლეს, რომ არსებულ ცოდნაში ნაკლოვანებები და დისჰარმონია შეემჩნიათ და დასვეს შემოქმედებითი აზროვნებისათვის უმნიშვნელოვანესი კითხვა ,,რატომ?’’
კრეატულობა შემდგომ განვითარებას სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას პოვებს.

 

შემოქმედებითი აზროვნების პროცესი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს და სხვადასხვა მკვლევარი მისი ფაზების განსხვავებულ კლასიფიკაციას გვთავაზობს (უოლესი, გორდონი, ენგელფეიმერი). ზოგადად, ამ ავტორებზე დაყრდნობით შეიძლება გამოვყოთ შემოქმედებითი აზროვნების პროცესის შემდეგი ეტაპები:


1.  მომზადების ეტაპი  - განსაკუთრებული გონებრივი აქტივობის მდგომარეობა, რომელიც ახალი იდეის გაჩენის წინაპირობას წარმოადგენს;
2.  მომწიფების ეტაპი  - პრობლემაზე არაცნობიერი მუშაობის პერიოდი, წარმმართავი იდეის ინკუბაცია;
3.  შთაგონების ეტაპი  -   ინკუბაციის შედეგად ცნობიერდება აღმოჩენა     (ახალი მიმართებების უეცარი წვდომა);
4.  იდეის განვითარება  - იდეის საბოლოო ფორმულირება და შემოწმება.


შემოქმედებითი აზროვნების პროცესში ყველაზე საინტერესო, გაუგებარი და შეუსწავლელი სტადიაა პრობლემაზე არაცნობიერი მუშაობის პერიოდი. პიროვნებამ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ცნობიერად და მიზანმიმართულად იმუშაოს ამოცანის გადაწყვეტაზე, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიოს; თუმცა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, იდეაზე ფიქრის გარეშე, მოულოდნელ სიტუაციაში ეწვიოს შთაგონება. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერი მოქმედების შესრულებისას, ძილშიც კი. საიდუმლოებით მოცული პროცესია, თუ როგორ ჩნდება არაცნობიერი მუშაობის შედეგად ცნობიერებაში ახალი იდეა. საგულისხმოა, რომ პრობლემის გარშემო უზარმაზარი ძიებითი სამუშაოს შესრულების შემდეგ პიროვნებაში განწყობის სახით ფორმულირებულია ისეთი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც ყველა გარეგან შთაბეჭდილებას თავის გარშემო შემოკრებს. გარკვეული სიტუაციის შესაბამისი შთაბეჭდილებები ადამიანს ამოცანისადმი ხედვას უცვლის, ის პრობლემურ სიტუაციას ახლებურად გადაასტრუქტურებს და გადაწყვეტისათვის მთავარ ფუნქციონალურ ნიშანს პოულობს. არქიმედეს, ნიუტონის, კეკულეს და სხვა მეცნიერების აღმოჩენების შესახებ არსებულ ლეგენდებში სწორედ მსგავსი პროცესებია აღწერილი   (შემთხვევითი აღმოჩენა აბაზანაში ბანაობისას, ვაშლის ჩამოვარდნისას თუ დაკლაკნილი გველის დასიზმრებისას).


აღსანიშნავია, რომ შემოქმედებითი აზროვნების ერთ-ერთი მიმართულება კრეატულობას განიხილავს, როგორც ადამიანის სპეციფიკურ უნარს. სიმპსონის მიხედვით კრეატულობა არის პიროვნების შესაძლებლობა, დაძლიოს აზროვნების სტერეოტიპული საშუალებანი. 

კრეატულობასთან დაკავშირებული პიროვნული თავისებურებების შესახებ ჩატარებული კვლევების შედეგები თითქმის ერთნაირია. გამოიყოფა ზოგიერთი პიროვნული ნიშანი, რომლებიც კრეატულ ადამიანებს არაკრეატულებისაგან განასხვავებს. საუბარია ისეთ მახასიათებლებზე, როგორებიცაა თვითდაჯერებულობა, აგრესიულობა, თვითკმაყოფილება, სოციალური შეზღუდვების უგულებელყოფა და ა.შ. 

არსებობს თვალსაზრისი იმის შესახებაც, რომ შემოქმედებითი აზროვნება დაკავშირებულია ნევროზებსა და თავის ტვინისა თუ ნერვული სისტემის პათოლოგიებთან. აგრეთვე შეისწავლება ის მოტივაციური ფაქტორები, რომელთა გავლენითაც მოქმედებენ კრეატული პიროვნებები. ასეთი ადამიანები მიისწრაფიან თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზების, რისკიანი მოქმედებების შესრულებისა და თავიანთი უნარების შემოწმებისაკენ.

კრეატულობის დახასიათებისას ლოგიკურია შემდეგი კითხვის დასმა: არსებობს თუ არა კავშირი პიროვნული ინტელექტის -IQ მაჩვენებლებსა და კრეატულობას შორის? ჩატარებული კვლევების შედეგად ფსიქოლოგები ასკვნიან, რომ ინტელექტის ტესტის მაჩვენებლებსა და კრეატულობას შორის საკმაოდ რთული და არასწორხაზოვანი ურთერთდამოკიდებულებაა. ეს აღიწერება შემდეგნაირიად: თუ IQ არის საშუალო ან საშუალოზე მაღალი, ის კრეატულობასთან პირდაპირ დამოკიდებულებაშია  - რაც უფრო დიდია   IQ, მით უფრო მაღალია კრეატულობის მაჩვენებელიც. მაგრამ, თუ ინტელექტის მაჩვენებელი ნორმების ზედა ზღვარს სცილდება, ის კრეატულობასთან ურთიერთკავშირს კარგავს. ესე იგი, უნდა დავასკვნათ, რომ კრეატულობის გამოსავლენად საჭიროა მაღალი დონის გონებრივი განვითარება. მაგრამ, ამ დონის კიდევ უფრო მეტი ამაღლების პირობა კრეატულობის გამოვლენაში მეტ განსხვავებას აღარ იძლევა. 

 

ზოგიერთი მკვლევარი ( მარში, ვერნოი. . .…) კრეატულობას ინტელექტის ერთ-ერთ ასპექტად განიხილავს. ისინი თვლიან, რომ ბავშვისათვის ორიგინალური, მდიდარი სასწავლო ატმოსფეროს შექმნა მათში კრეატულობის განვითარებას დაეხმარება. როგორც ჩანს, კრეატულობა საკმაოდ ფართო ცნებაა და მის გარკვეულ ასპექტებთან დაკავშირებით ფსიქოლოგებს შორის კვლავაც ურთერთშეუთანხმებლობა არსებობს. ჩვენი აზრით, შემოქმედებითი აზროვნება ის უმნიშვნელოვანესი პირობაა, რომელიც ადამიანს ცხოვრების მრავალფეროვან აღქმაში ეხმარება და მისი პიროვნების უწყვეტ განვითარებას განაპირობებს.

 

 

ავტორი :ნაზი ფარსადანიშვილი

წყარო: www.education.ge

1 2 3
ვიდეო ინტერვიუ
მემორანდუმი პალატასთან 
Video screenshot
 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამასაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2018 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE